საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის წევრობის პირობები
საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) წევრი შეიძლება გახდეს როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი ლაბორატორია, ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია ლაბორატორიული საქმიანობის გაუმჯობესებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებით და იზიარებს ასოციაციის წესდებას, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხებიც.
ასოციაციაში გაწევრიანება:
- ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი კომპანიის პასუხისმგებელმა (საკონტაქტო) პირმა უნდა შეავსოს წევრობის განაცხადის ფორმა და მიაწოდოს ასოციაციის გამგეობას, უშუალოდ ან გაუგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@gelab.org.ge
- წევრად მიღების საკითხს წყვეტს ასოციაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. გამგეობა წევრად მიღების თანხმობას ატყობინებს განმცხადებელს პირადად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეტყობინების თარიღი ითვლება წევრის ასოციაციაში გაწევრიანების თარიღად;
- ასოციაციის წევრობის ყოველწლიური საწევრო გადასახადი შეადგენს 300 ლარს. ანგარიშსწორება ხორციელდება ასოციაციის მხრიდან მიწოდებული ინვოისის საფუძველზე.
ასოციაციის წევრთა უფლება-მოვალეობები
ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
- აქტიურად ჩაერთოს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;
- მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის ორგანოების არჩევნებში;
- წარადგინოს საკუთარი წარმომადგენლ(ებ)ის ამ ორგანოების წევრად ან/და ასევე სხვადასხვა ღონისძიების (პროგრამა, პროექტის შემუშავება, განხილვა და ა.შ.) განსახორციელებლად;
- მიიღოს ყველა ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისგან მათი საქმიანობის შესახებ;
- ისარგებლოს პრივილეგიებითა და შეღავათებით ასოციაციის მიერ მოწოდებული მომსახურებით, ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და ქონებით, როგორც ამას ასოციაციის ინტერესების გათვალისწინებით, დაადგენს ასოციაციის გამგეობა;
- მიმართოს ასოციაციას რათა მისთვის პრობლემატური საკითხი განხილულ იყოს რიგგარეშედ და გაეწიოს შესაბამისი პროფესიული დახმარება და კოლეგიალური თანადგომა;
- წარმოადგინოს თავისი ხედვები წესდებით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და მოითხოვოს ასოციაციის გამგეობისგან განხილული იქნას შესაბამისი თემატიკა. ასეთ შემთხვევაში წევრი შეიძლება თავად გახდეს კონკრეტული თემის ირგვლივ ჩასატარებელი სამუშაოების კოორდინტორი და ასოციაციისგან მიიღოს შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური დახმარება;
- მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის წევრებისთვის მოწყობილ შემეცნებით, დასასვენებელ თუ გასართობი სახის ღონისძიებებში;
- შეწყვიტოს თავისი წევრობა კავშირში წესდებით დადგენილი წესით;
ასოციაციის წევრის მოვალეობაა:
- დაიცვას ასოციაციის წესდება და ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
- გაიზიაროს ასოციაციის მიზნები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას;
- გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
- დაესწროს ასოციაციის საერთო კრებას;
- მოიზიდოს ის პირები, რომელთა ასოციაციაში გაწევრიანება დაეხმარება ასოციაციის საქმიანობას. გაუწიოს მათ შესაბამისი რეკომენდაცია;
- ასოციაციაში მოღვაწეობდეს ურთიერთგაგების და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით;
- იყოს კეთილგანწყობილი ასოციაციის სხვა წევრების მიმართ და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მზად იყოს მათ დასახმარებლად;
- გადაიხადოს საწევრო შესატანი გამგეობის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.